66 წლის ასაკში გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა. ღვაწლმოსილი ისტორიკოსი სამეცნიერო საქმიანობის გარდა უანგაროდ ესახურებოდა საქართველოს ინტერესებს და ყოველთვის იდგა იქ, სადაც სამშობლოს სჭირდებოდა. მართალ სიტყვას ამბობდა მაშინ, როცა ამას სახელმწიფოში ერთეულები თუ ბედავდნენ. საქართველოს პოზიციებს იცავდა დავით გარეჯის საკითხის გამწვავების დროსაც - იყო ნამდვილი პატრიოტი - ადამიანი, რომელსაც საქართველოს ისტორიისათვის ერთხელაც არ უღალატია.
დამსახურებული მეცნიერის ცხოვრებას პირადი ტრაგედიებიც ამძიმებდა. გიორგი ოთხმეზურმა 18 წლის შვილის მკვლელის დასჯასა და სამართლიანობის აღდგენას 12 წელი შეალია. დაუღალავი ბრძოლით შედეგსაც მიაღწია, თუმცა პრეზიდენტმა პროფესორის ვაჟის მკვლელობაში ბრალდებული შეიწყალა. გადაწყვეტილება შვილმვდარი მშობლისათვის განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა.
სამეცნიერო საზოგადოებამ გიორგი ოთხმეზურის სახით დიდი მეცნიერი დაკარგა - ასე აფასებს შესანიშნავი მეგობრის გარდაცვალებას ვაჟა ოთარაშვილი. თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის თქმით, მიუხედავად შვილის გარდაცვალებისაგან გამოწვეული უდიდესი შინაგანი ტკივილისა გიორგი ოთხმეზური ყოველთვის მუხლჩაუხრელად შრომობდა და იბრძოდა საქართველოს ინტერესების დასაცავად.
გიორგი ოთხმეზურის ნიჭზე და პატრიოტიზმზე საუბრობენ გამორჩეული ლექტორის აღზრდილი სტუდენტებიც. ჯაბა სამუშაია გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ღვაწლმოსილ ისტორიკოსს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომი დაუსრულებელი დარჩა, რომელიც ცოტახანში წიგნად უნდა გამოცემულიყო.
ინტელიგენტი ოჯახის დიდი მემკვიდრე, ასე უწოდა ერეკლე საღლიანმა ღვაწლმოსილ ისტორიკოსს. პოეტის თქმით, გიორგი ოთხმეზური საქართველოს ისტორიის იმ მტკივნეულ საკითხებს იკვლევდა, რომელიც ქვეყანას ყველაზე მეტად აწუხებდა.
რთულია წარმატებული მშობლის ჩრდილიდან გამოსვლა. მიუხედავად, იმისა, რომ ის უახლესი პერიოდის საუკეთესო ისტორიკოსის მარიკა ლორთქიფანიძის ვაჟი გახლდათ, გიორგი ოთხმეზურმა საზოგადოებაში თავის დამკვიდრება დამოუკიდებლად მოახერხა. მებრძოლი სულისა და პატრიოტიზმით სავსე საზოგადო მოღვაწემ საქართველოს ისტორიაში განურჩეველი კვალი დატოვა.