„ისიც იცოდე, ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას , ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლოს მაინც ეგ არის. მთავარია როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ,“ – ამ სიტყვების ავტორი ის კაცია, რომელსაც ლიტერატურა ყველაზე ყველაზე მეტად უყვარდა. დღეს 82 წლის ასაკში ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა.
წავიდა ისე, რომ ქართველებს არაერთი საამაყო საგანძური დაგვიტოვა. ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი, წერდა სიყვარულზე, სიკეთეზე და ბოროტების წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლის აუცილებლობაზე. გურამ დოჩანაშვილმა წერის მისეულ, გამორჩეულ მანერას უფლისაგან ნაბოძები წყალობა უწოდა.
მწერალმა უამრავი ისეთი ფრაზა დაგვიტოვა, რომელიც წაკითხვისთანავე საკუთარ თავში უფრო ღრმად ჩაგახედებს და დაგაფიქრებს. სწორედ ასეთი ფრაზების საბადოა ნაწარმოები: "კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა". ქართველი თანამედროვე კლასიკოსის შემოქმედება არაერთხელ გამხდარა რეჟისორების ინსპირაციის წყარო.
გურამ დოჩანაშვილს ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პრემია "საბა" გადაეცა, ის ასევე ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მფლობელია. გასულ წელს მწერალს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. მისი ნაწარმოებებიდან გადმოცემული სითბო კი მომავალშიც მრავალ თაობას აღზრდის. წავიდა მაგრამ ყველას ცნობიერებაში დატოვა მთავარი - ის რომ „დედამიწას სიყვარული ატრიალებს.“