ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს ხელი შეუშალოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს, ეწვიოს ისრაელს, მას შემდეგ, რაც მან გააკრიტიკა ისრაელის მთავრობის მიერ დაგეგმილი სასამართლო რეფორმა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Haaretz-ი ავრცელებს.
ბორელმა ცოტა ხნის წინ გამოთქვა ინტერესი ისრაელსა და პალესტინაში ვიზიტით, თუმცა ისრაელმა მიანიშნა, რომ ისინი არ ითანამშრომლებენ ამ საკითხზე.
"არ არსებობს მიზეზი, რომ იგი [ბორელი] მისი საქციელისთვის დაჯილდოვდეს", - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირმა.
გასულ კვირას გამოქვეყნებულ სტატიაში ბორელმა არ შეარბილა თავისი კრიტიკა ისრაელის მიმართ და დაწერა: "იყო პატიოსანი ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ექსტრემიზმი ორივე მხრიდან იზრდება. განურჩეველი თავდასხმებისა და ძალადობის შედეგად ბევრი ისრაელელი კვდება. დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებების მოსახლეობის მხრიდან ძალადობა სულ უფრო მეტად ემუქრება პალესტინელების სიცოცხლესა და საარსებო წყაროს - თითქმის ყოველთვის დაუსჯელად".
სამშაბათს ბორელმა სიტყვით მიმართა ევროპარლამენტს, რომელმაც სპეციალური სხდომა მოიწვია "ისრაელის დემოკრატიის გაუარესებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისთვის შედეგების" საკითხზე, ისრაელის მთავრობის მიერ დაგეგმილი სასამართლო რეფორმის ფონზე.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა გააკრიტიკა ევროპარლამენტის მიერ აღნიშნული საკითხის განხილვა და აღნიშნა, რომ "ტერორიზმის მსხვერპლებისა და პალესტინელი ტერორისტების შედარება დაუშვებელია" და დასძინა, რომ "ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ისრაელის შიდა პოლიტიკაში ჩარევა".