ევროკავშირის ელჩებმა მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწიეს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვის გეგმის ერთ-ერთ საკვანძო პუნქტში. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
დავა ეხება საკითხს, თუ ვისთან გაფორმდება კონტრაქტები საბრძოლო მასალის წარმოებაზე - მხოლოდ ევროკავშირის კომპანიებთან თუ გარე მწარმოებლებთანაც.
POLITICO-ს ცნობით, საფრანგეთი მხარს უჭერს პირველ ვარიანტს საბერძნეთთან და კვიპროსთან ერთად, რომლებსაც არ სურთ, რომ თანხები თურქეთში აღმოჩნდეს.
რაც შეეხება გეგმის მეორე ნაწილს, საკუთარი საწყობებიდან უკრაინისათვის საბრძოლო მასალების გადაცემას, ევროკავშირის ელჩებმა შეთანხმებას მიაღწიეს და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი სავარაუდოდ მომავალ კვირას გამოქვეყნდება.
20 მარტს ევროკავშირის საბჭო შეთანხმდა გეგმაზე, რომ უკრაინას 12 თვის განმავლობაში მიეწოდება მილიონი საარტილერიო ჭურვი.