აშშ-მა ფარულად შეცვალა Himars-ის სარაკეტო სისტემები, რათა უკრაინამ ის რუსეთის მიმართულებით რაკეტების გასაშვებად ვერ გამოიყენოს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით გაზეთი აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ეს სიფრთხილის ზომაა, რომელიც აუცილებელია რუსეთთან უფრო ფართო ომის რისკის შესამცირებლად.
კერძოდ, აშშ შიშობს, რომ უკრაინამ შესაძლოა აღარ შეასრულოს დაპირება, რომ არ დაარტყამს რუსეთის ტერიტორიას ვაშინგტონის მიერ მოწოდებული იარაღით.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა თავი შეიკავა უკრაინისათვის შორი მანძილის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების (ATACMS) მიწოდებისგან, Himars-ის მოდიფიცირება უზრუნველყოფს, რომ უკრაინა ვერ გამოიყენებს ამ სისტემას შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო მასალის გასაშვებად, თუ კიევი ასეთ რაკეტებს სხვა სახელმწიფოების მეშვეობით შეიძენს.
გაზეთი The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ პენტაგონმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, მათ აღჭურვილობასა და პროგრამულ უზრუნველყოფას ეხება.
„ოპერატიული უსაფრთხოების მიზეზების გამო, ჩვენ საჯაროდ არ ვაკეთებთ კომენტარს მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის მიწოდებული სისტემების კონფიგურაციაზე. აშშ ერთგული რჩება, უკრაინას მიაწოდოს ის შესაძლებლობები, რაც მას სჭირდება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, - აღნიშნა პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა.