ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰუსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა დღეს პირველად აღიარა, რომ მისმა ქვეყანამ რუსეთს დრონები მიაწოდა და ხაზი გაუსვა, რომ გადაცემა მოხდა უკრაინის ომამდე, - ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.
"ჩვენ რუსეთს უკრაინის ომამდე თვეებით ადრე მივაწოდეთ შეზღუდული რაოდენობის დრონები", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ირანს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი დრონები უკრაინაში გამოიყენება და რომ თეირანი კონფლიქტის შეწყვეტის ერთგულია.
"თუკი (უკრაინას) აქვს რაიმე დოკუმენტი, რომ რუსეთმა უკრაინაში ირანული დრონები გამოიყენა, უნდა მოგვაწოდოს. თუ დამტკიცდა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში ირანული დრონები გამოიყენა, ამ საკითხის მიმართ გულგრილი არ ვიქნებით", - აღნიშნა ჰუსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა.
მანამდე ირანის ოფიციალური პირები უარყოფდნენ, რომ რუსეთს აწვდიდნენ იარაღს, რომელიც მათ მოგვიანებით უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენეს.