"ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლებისთვის ქვეყნის გამთლიანება არის უზენაესი საკითხი", - ამ სიტყვებით მიმართა დღეს გმირთა მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის ერთადერთმა აფხაზმა დეპუტატმა. ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარის მოადგილემ ადა მარშანიამ წუხილი გამოთქვა, რომ ჩატეხილი ხიდების აღსადგენად ხელისუფლება არაფერს აკეთებს.
"27 წელი გავიდა იმ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე თარიღიდან საქართველოს ისტორიაში. ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლებისთვის ქვეყნის გამთლიანების თემა არის უზენაესი საკითხი. სანამ ასეთი სულისკვეთება არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, სანამ არ გაიაზრებს ერი და ბერი, რა დაემართა მას და რომ რაც შეუძლია თავადაც უნდა გააკეთოს ყველაფერი, მანამ ეს საკითხი არ დაიძვრება. ჩვენ უკუსვლა გვაქვს ამ წლების განმავლობაში და ნუ გადავაბრალებთ მავანს ამ უბედურებას. პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა შევხედოთ - რას ვაკეთებთ ჩვენ", - განაცხადა ადა მარშანიამ.