ავლაბრის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ივლისიდან ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
თბილსიის მერიის ინფორმაციით, მოედნის რეაბილიტაციის დროს, ბარათაშვილის აღმართიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება, ავლაბრის მოედნიდან წურწუმიას, ზურაბაშვილისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გამოყენებით, ხოლო წურწუმიას ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, გადაადგილება დასაშვები იქნება თელავის, ბოჭორმისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გავლით.
აღნიშნული სამუშაოების პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მარშრუტით:
ავტობუსები: N305, N309, N325, N333, N337 და N393 ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს, გორგასალის ქუჩის, 300 არაგველის ხიდის, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით იმოძრავებენ, რის შემდეგაც, ავტობუსები - N305, N309, N325, N333, N393 ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ, ხოლო ავტობუსი N337 ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან მოძრაობას უკვე არსებული სქემით შეძლებს.
მიკროავტობუსები: N462, N472, N528, N534 და N540 ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან, რის შემდეგაც, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გავლით, ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან, საიდანაც მეტროსადგურ "ისნის" მიმართულებით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.