კეზერაშვილის ადგილი არის გალიაში - "ქართული ოცნების" სირცხვილია, ხელს რომ აფარებდნენ - ისინი წარმოადგენენ მმართველ პარტიას და კეთილი ინებონ, მიუჩინონ თავის ადგილი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების " ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნება" კეზერაშვილს გარკვეული გარიგების სანაცვლოდ დიდი ხნის მანძილზე ხელს აფარებდა.
"დავით კეზერაშვილი უნდა იჯდეს ციხეში, ის არის ჩემთვის ყველაზე წმინდა ინსტიტუციის - ქართული არმიის, შეიარაღებული ძალების ქურდი. ეს არის ყველაზე დიდი შავი ლაქა "ქართული ოცნების", რომ კეზერაშვილს რამდენიმე წლის წინ, გარიგებების საფასურად, ჯერ ბიზნესების გატანის საშუალება მისცეს საქართველოდან და მერე თვალი დახუჭეს ყველაფერზე და ამიტომ "ბაირამობს" ჩვენთვის და ჩვენი არმიისთვის მოპარული ფულით. ეს არის "ქართლი ოცნების" ბრალი, ახლა გამოიფხიკეს ყურები, არ ვიცი ვინ უთვალთვალებდა, არ აქვს მნიშვნელობა, რატომ დადის ასე ლაღად ამდენი წელი და რატომ ცხოვრობს არხეინად კურორტიდან კურორტზე კეზერაშვილი ჩვენთვის მოპარული ფულით. წესით, ხელფასზე რომ უნდა ეცხოვრა როცა მინისტრი იყო და უცებ აღმოჩნდა, რომ მულტიმილიონერია, ქურდია დავით კეზერაშვილი! თან ქურდია ჯარის და ჩვენი უსაფრთხოების. კეზერაშვილის ადგილი არის გალიაში და "ქართული ოცნების" სირცხვილია და სამარცხვინო საქციელია, რომ ხელი დააფარეს მას. ახლა უკვირთ, რომ თურმე კურტ ვოლკერს შეხვდა და კურტ კობეინს ზეციურ ლონდონში. რომ გამოდის დროდადრო ღარიბაშვილი პარლამენტში და იძახის: „იცით რა, ფული მოპარა ქართულ არმიას“ და რა ვქნა მერე მე, გავვარდე, ბადე ვესროლო თუ ქამანდი, გავკოჭო და ჩამოვიყვანო? კეთილი ინებონ, ისინი წარმოადგენენ მმართველ პარტიას და მიუჩინონ კეზერაშვილს ადგილი იქ, სადაც არის მისი ადგილი, ქურდის და არმიის მძარცველის,"- განაცხადა ელისაშვილმა.