ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე სამოკავშირეო სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
"გუშინ მე და ვლადიმერ ვლადიმერის ძეს ფუნდამენტური მოლაპარაკებები გვქონდა. განვიხილეთ დახურული ხასიათის საკითხები, ყურადღება გავამახვილეთ უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებასა და სამოკავშირეო სახელმწიფოს თავდაცვის საკითხებზე", - აღნიშნა ლუკაშენკომ.
მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის გუშინ გამართული შეხვედრა "ხანგრძლივი და შინაარსიანი" იყო.
რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინი და ლუკაშენკო შეხვედრას დღეს რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს ფარგლებშიც გამართავენ.