7 ნოემბერი არის თარიღი, რომელიც მთელ საზოგადოებას შეგვახსენებს, რა მეთოდებით მართავდა წინა ხელისუფლება და დღევანდელი ე.წ. მთავარი ოპოზიცია ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 7 ნოემბრის მოვლენები საქართველოში აღარასდროს უნდა განმეორდეს.
"7 ნოემბერი არის თარიღი, რომელიც მთელ საზოგადოებას შეგვახსენებს, რა მეთოდებით მართავდა წინა ხელისუფლება და დღევანდელი ე.წ. მთავარი ოპოზიცია ქვეყანას. როგორ ექცეოდა ადამიანებს და რა ფასადური დემოკრატია ჰქონდა შექმნილი, როდესაც ხალხსაც ნაცარს აყრიდა თვალებში და დასავლეთსაც ატყუებდა, თითქოს დემოკრატიული რეფორმების სახელით ჩაგრავდა, აწამებდა და არბევდა თავის საზოგადოებას. ეს რომ არ განმეორდეს, საჭიროა, შავს დავარქვათ შავი, თეთრს – თეთრი, ბოროტებას მივცეთ სათანადო შეფასება და სამართლიანები ვიყოთ ყოველთვის, როდესაც ვაფასებთ მოვლენებს, ისტორიას თუ აწმყოს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 15 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია "იმედში" - სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია "იმედში" შემოიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა.