შეერთებული შტატების განცხადებით, გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში როგორც ჩანს, დაემორჩილა რუსეთის მუქარას და არ გაგზავნა უკრაინაში ოფიციალური პირები რუსეთის მიერ გამოყენებული დრონების შესამოწმებლად, რომლებსაც, ვაშინგტონის განცხადებით, რუსეთს ირანი აწვდის.
"ვწუხვართ, რომ გაერო-მ არ გადადგა ნაბიჯი ამ დარღვევის გამოძიების ჩასატარებლად. იმედგაცრუებული ვართ, რომ სამდივნო, როგორც ჩანს, დაემორჩილა რუსეთის მუქარებს, არ განახორციელა საგამოძიებო მანდატი, რომელიც ამ საბჭომ მას მიანიჭა", - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
რუსეთი უარყოფს მისი ძალების მიერ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენებას და ამტკიცებს, რომ გაერო-ს ოფიციალურ პირებს არ აქვთ მანდატი, გაემგზავრონ კიევში დრონების წარმოშობის გამოსაძიებლად.
ირანი აღიარებს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა, მაგრამ ამტკიცებს, რომ ისინი გაგზავნეს მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია, შეერთებული შტატები და უკრაინა აცხადებენ, რომ რუსეთისთვის ირანული წარმოების დრონების მიწოდება არღვევს გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2015 წლის რეზოლუციას. აღნიშნულ ქვეყნებს სურთ, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა კიევში გამოძიების ჩატარების მიზნით ოფიციალური წარმომადგენლები გაგზავნოს.