ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, გონიოში სანაპიროზე არსებულ კაფე-ბარების მეპატრონეებს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, რის გამოც უწყება სადემონტაჟო სამუშაოებს ახორციელებს.
"ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია გონიოში უნებართვო კაფე-ბარების დემონტაჟს ახორციელებს. კონსტრუქციების სანებართვო ხელშეკრულებას ვადა სექტემბერში ამოეწურა. მას შემდგომ სამსახურმა ობიექტების მეპატრონეები დემონტაჟის შესახებ არაერთხელ გააფრთხილა. ამ ეტაპზე იმ კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს, რომლებიც სამართალდამრღვევებმა თავად არ განახორციელეს" - აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, გონიო-კვარიათის სანაპიროზე სეზონური ჯიხურებისა და ბუნგალოების დაშლას, მეპატრონეებისა და თანამშრომლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. როგორც ისინი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, ტერიტორიაზე კანონიერად მუშაობდნენ და გადასახადებსაც იხდიდნენ.