ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლად ფორმირებულ სამთავრობო კოალიციას ქვეყნის ისტორიაში უდიდესი საარჩევნო თაღლითობა უწოდა. ნეთანიაჰუს თქმით, მოსახლეობა თავს მოტყუებულად გრძობს და ისინი არ უნდა გაჩუმდნენ. 23 მარტს ისრაელში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელიც ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული მეოთხე საპარლამენტო არჩევნები იყო, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ქვეყნის 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი რაოდენობის მანდატები ვერ მიიღო. პრეზიდენტმა მას კოალიციური მთავრობის ფორმირება დაავალა, თუმცა ნეთანიაჰუმ ეს ვერ შეძლო, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ეს დავალება იაირ ლაპიდს მისცა, რომლის პარტიაც არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელის 8 ოპოზიციურმა პარტიამ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმებას მიაღწია. ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მემარჯვენე პარტია „იამინას“ ლიდერი ნაფტალი ბენეტი გახდება, შემდეგ კი, 2 წელიწადში, პოსტს „მომავლის პარტიის“ ლიდერს, იაირ ლაპიდს დაუთმობს.