25.11.2024 | 05:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ბექა ფერაძის განცხადებით, თუ ექიმები და ექთნები მათთვის განკუთვნილ მინიმალურ ანაზღაურებას ვერ მიიღებენ, კლინიკების მიმართ საჯარიმო სანქციები იქნება გამოყენებული

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, თუ ექიმები და ექთნები მათთვის განკუთვნილ მინიმალურ ანაზღაურებას ვერ მიიღებენ, კლინიკების მიმართ საჯარიმო სანქციები იქნება გამოყენებული.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ აღნიშნა, სანქციები, გულისხმობს დაჯარიმებას და კლინიკისთვის შესაბამისი თანხის დაკავებას.

"ზოგადად, შრომის ინსპექცია უფლებამოსილია დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გამოიყენოს, როგორც გაფრთხილების, ისე დაჯარიმების, სამუშაო პროცესის შეჩერების მექანიზმი. რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებებს, აქ გარდა აღნიშნული სანქციებისა, გვაქვს დამატებითი მექანიზმი, კონკრეტულად მიემართება სამედიცინო დაწესებულებას, რომ საყოველთაო ჯანდაცვიდან მოხდება თანხის სამმაგი ოდენობის დაკავება. ჩვენ მივმართავთ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და მოხდება თანხის დაკავება მანამ, სანამ სამედიცინო დაწესებულება მედპერსონალს არ ჩაურიცხავს კუთვნილ ანაზღაურებას. ეს მექანიზმი ვფიქრობ, ეფექტური იქნება.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო ელექტრონულ პროგრამაზე მუშაობს, რომლის საშუალებითაც, ყოველთვიურად ელექტრონულად გაკონტროლდება სამედიცინო დაწესებულება კეთილსინდისიერად ახორციელებს თუ არა სახელმწიფოს წინაშე აღებულ პასუხისმგებლობას.

ეს იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებას მოუწევს დაარეგისტრიროს ექიმები და ექთნები ელექტრონულ პლატფორმაზე. ჩვენ შესაბამისი მექანიზმებით გავაკონტროლებთ რამდენი საათი იმუშავა ამა თუ იმ მედპერსონალმა, შესაბამისად, ნამუშევარი საათების პროპორციულად ჩაერიცხა თუ არა ის ანაზღაურება, რაც მას ეკუთვნოდა",- აღნიშნავს ფერაძე.

დღის გადაცემები