გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ მალე ბუნდესვერის საწყობებიდან უკრაინისათვის იარაღის მიწოდება შეუძლებელი გახდება.
"როგორც თავდაცვის მინისტრმა უნდა ვაღიარო, რომ იმის ზღვარს ვაღწევთ, თუ რისი მიცემაც შეგვიძლია ბუნდესვერიდან", - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
კრისტინ ლამბრეხტის თქმით, ბუნდესვერს უნდა შეეძლოს ეროვნული და ნატოს თავდაცვის უზრუნველყოფა.
22 აგვისტოს, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ბუნდესტაგის კოალიციური პოლიტიკოსების მცდელობა, უკრაინისათვის მეტი იარაღი მიეწოდებინათ.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იმ საფრთხის გათვალისწინებით, რომელსაც რუსეთი ვლადიმირ პუტინის პირობებში წარმოადგენს, ბუნდესვერი ვერ გარისკავს.
"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ პუტინს შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერი სისუსტით და თუნდაც დროებითი ხარვეზით ნატოს თავდაცვისუნარიანობაში", - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
მანამდე ბუნდესტაგის დეპუტატებმა კრისტიან კლინკმა (SPD), სარა ნანიმ (ალიანსი 90/მწვანეები) და ალექსანდრე მიულერმა (FDP) გამოცემა შპიგელის სტატიაში გამოთქვეს აზრი, რომ გერმანიამ სასწრაფოდ უნდა მიაწოდოს უკრაინას მეტი იარაღი.