შევახსენებ ქალბატონ ელჩს, რომ სულ მცირე ევროპარლამენტის 308 დეპუტატს დააკარგვინეს ფუჭად დრო, როცა გაუგონარი ჩანაწერები შეიტანეს "ნაციონალური მოძრაობის" ხელდასხმით ევროპარლამენტის რეზოლუციაში, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი აშშ-ის ელჩის განცხადებას, რომლითაც მან ბიძინა ივანიშვილის წერილს უპასუხა.
"სწორედ ეს რეზოლუცია, სწორედ ამგვარი უადგილო და უშინაარსო ჩანაწერები, რომელსაც სხვათა შორის ბევრი ევროპელი პოლიტიკოსიც აღიარებს, აღრმავებს პოლარიზაციას და დაპირისპირებას", - აღნიშნავს ცაგარეიშვილი.
აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა: "გულწრფელად რომ ვთქვათ, ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების, ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ ყურადღება კონცენტრირებული იყოს მკაფიო გზამკვლევზე ევროკავშირის წევრობისკენ".