ასე გამოეხმაურა "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ვიზიტს მოსკოვში და შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან.
"ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. აქამდე ყველა მიიჩნევდა, რომ მსოფლიო ერთპოლუსიანია და როცა ასეა, ასეთ მსოფლიოს ერთი კონკრეტული ძალა მართავს. ჩემი აზრით, ეს არის ცუდი. ყველას გვახსოვს, 2004 წლიდან 2012 წლამდე მიხეილ სააკაშილის მმართველობა, რომელიც საქართელოში რასაც სჩადიოდა, ყველამ ვიცით, მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, არავის აინტერესებდა, საქართველოში ადამიანი როგორ გრძნობს თავს. საქართელოში მას ეძახდნენ "დემოკრატიის შუქურას". ანუ, ეს ხდება მაშინ, როცა არსებობს ერთპოლუსიანობა. იმ პოლიტიკური ძალის მიერ დანიშნული პრეზიდენტი და მოყვანილი ხელისუფლება, რასაც არ უნდა სჩადიოდეს ქვეყანაში, ყოველთვის იქნება დემოკრატიის შუქურა. აქედან გამომდინარე, სულ რომ ეს მაგალითი არ არსებობდეს, პატარა ბავშვსაც ესმის, რომ კონკურენციის უნარიანობა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, ქვეყნის მმართველს და ასევე მსოფლიო მმართველ ძალებს, იმპერიებსა თუ სახელმწიფოებს.
თუ არსებობს მხოლოდ ერთი სახელმწიფო, რომელიც არის იმპერია და არის მსოფლიოს ბატონ-პატრონი, ბუნებრივია, რომ სხვა ქვეყნები ემორჩილებიან მხოლოდ მას. მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ასრულებენ იმას, რასაც ის ამბობს. როცა არსებობს ორი იმპერია, ესე იგი, არჩევანიც უფრო მეტია. თუ იარსებებს ორპოლუსიანი ან სამპოლუსიანი მსოფლიო, უკეთესია. ზოგადად პოლიტიკური სიმრავლე ამ შემთხვევაში უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს. ერთმანეთს კონკურენციას როცა უწევენ, ცდილობენ, შენი გული სიკეთით მოიგონ. დღეს, როდესაც ამბობენ, რომ მსოფლიო ორპოლუსიანია, მე ამას არ ვეთანხმები. მე ვფიქრობ, რომ როგორც მინიმუმ ოთხი მოთამაშე მაინც გაჩნდება. ესენი იქნებიან: რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი. შეიძლება, რომ მეხუთე, ცალკე მოთამაშე იყოს საუდის არაბეთი.
ირანი არის მოთამაშე, მაგრამ ის მაინც ლოკალურად თამაშობს ჯერ-ჯერობით. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ერთ რამეზე ყურადღება, რომ სი ძინპინი მესამე ვადით არის არჩეული, რაც საპრეზიდენტო მოღვაწეობისას მხოლოდ ერთხელ ხდება. ამ არჩევნების შემდეგ მისი პირველი ვიზიტი იყო რუსეთში, რუსეთის პრეზიდენტთან. ეს გარკვეულ წილად იყო მესიჯი დასავლეთისთის, რომ, რაც არ უნდა იფიქროთ თქვენ და რა გეგმაც არ უნდა გქონდეთ, იცოდეთ, რომ მე ვარ აქ და ეს ორპოლუსიანობა მე უფრო მაწყობს, ვიდრე თქვენი დომინაცია მთელს მსოფლიოზე. ესეთი შეხვედრა, როგორიც იყო სი ძინპინთან, იქნება ინდოეთთან, საუდის არაბეთთან. ეს უკვე იქნება არა უბრალო მესიჯი, არამედ ღია განაცხადი, რომ დღეს ჩვენ ყველანი ვქმნით მეორე პოლუსს. იმ ხალხსაც და მეთაურებსაც ესმით, რომ ერთპოლუსიან სამყაროში, როდესაც დომინირებს ერთი სახელმწიფო, ბუნებრივია, რომ შენ ყოველთვის დაჩაგრული იქნები და თავს თავისუფლად ვერ იგრძნობ. როცა გაქვს არჩევანი, ის უკვე, როგორც მენტორი, ისე არ გელაპარაკება და ცდილობს, შეარბილოს თავისი ტონალობა და უფრო მეტი რაღაც შემოგთავაზოს, რომ შენ მისკენ გაიხედო", - განაცხადა გიორგი ლომიამ.