24.11.2024 | 21:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გიორგი ლომია: "ქართული ოცნება" სანამ კანონის მიღებას გადაწყვეტდა, მოსახლეობისთვის სრული ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა"

ასე ეხმაურება "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ ჯერ ინიცირებული, შემდეგ კი უკან გაწვეული კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

"ზოგადად ყველა ხელისუფლებას სჩვევია და ჰგონია, რომ ქვეყანაში სიტუაციას აკონტროლებენ. მათ მართლა სჯერათ, რომ არ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელთაც შეუძლიათ, ისინი რევოლუციის გზით სახლში გაისტუმრონ. ეს დაემართა თავის დროზე შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც. სამწუხაროდ, ეს ემართება ყველა ხელისუფლებას, რომელიც არ არის დაინტერესებული ხალხის სიდუხჭირით და მხოლოდ საკუთარი ჯიბე და კარიერის შექმნა აინტერესებს. ამ ხელისუფლებასაც მსგავსი რამ დაემართა. "ქართულ ოცნებას" ეგონა, რომ ნებისმიერი კანონპროექტი, რომელსაც ისინი პარლამენტში შეიტანდნენ, გავიდოდა ისე, რომ წინააღმდეგობას არავინ გაუწევდა.

რამდენიმე თვის წინ იყო ევროკავშირთან დაკავშირებული აქცია, რომლის ხელში ჩაგდება "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ მოახერხა და მაშინ მოსახლეობამ პროტესტი მშვიდობიანად და ლამაზად გამოხატა. ხელისუფლებას ეგონა, რომ ამ კანონპროექტის გატანისას, ზუსტად იგივე რამ მოხდებოდა, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ამ აქციებზე მხოლოდ ისინი კი არ სწავლობენ, არამედ ის ძალაც სწავლობს, რომელიც აქციებს მართავს. ისინი სწავლობენ ყველა იმ ნიუანსს, რომელმაც იმუშავა ან ვერ იმუშავა. ყველაფერი ეს ხდება სწავლის საგანი. ეს არის ძალა, რომელიც დგას "ნაციონალური მოძრაობის", ასევე ყველა იმ ლიბერასტული ძალის, არასამთავრობო სექტორისა თუ მედიასაშუალების უკან, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩვენმა ხელისუფლებამ კარგად ვერ გაანალიზა, ვერ გათვალა და სწორედ ეს იყო მისი შეცდომა.

კანონპროექტი ცუდია თუ კარგია, ეს სულ სხვა საკითხია. როდესაც უმრავლესობა გქვია და მნიშვნელოვან კანონპროექტს მხარს უჭერ, ჯერ უნდა გააცნო მოსახლეობას, თუ რას ნიშნავს ეს კანონპროექტი. ამ ყველაფერს მომზადების პერიოდი უნდოდა, ამისთვის კი, ერთი თვეც საკმარისი იქნებოდა. მათ ერთი თვის განმავლობაში მოსახლეობისთვის რომ ეთქვათ, თუ რას ნიშნავს, რისი ასლია ეს კანონი, რას ემსახურება იგი, ვინ დაზარალდება, ვინ არ დაზარალდება - მოსახლეობისთვის სრული ინფორმაცია რომ მიეწოდებინათ, შესაძლებელია, იმ ძალებს, რომლებმაც ეს დესტრუქცია მოაწყვეს, არაფერი გამოსვლოდათ. საკუთარ მოსახლეობასთან ყოველთვის უფრო ახლოს ყოფნაა საჭირო, ეს სულ ასე იყო და ასე იქნება", - განაცხადა გიორგი ლომიამ.

დღის გადაცემები