დღის სიახლეები
გიორგი ლომია - "ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა მონაწილეობდა!"
ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი ლომია "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიან სისხლიან რეჟიმზე საუბრობს. მისი თქმით, ციხის კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ აწამებდნენ ხალხს და ის, რომ ამაში მთელი სისტემა მონაწილეობდა. მისივე თქმით, ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ახალაია და სააკაშვილიც იყვნენ ჩართულნი. გიორგი ლომიას განცხადებით, სწორედ მას შემდეგ, რაც ციხის კადრებით გადავარდა "ნაცმოძრაობის" დანაშაულებრივი ხელისუფლება, ისინი ცდილობენ, მოძებნონ ისეთი რამ, რითაც შეძლებენ, გააბათილონ მათი 9-წლიანი სისხლიანი მოღვაწეობა. თუმცა, ლომია აღნიშნავს, რომ ხალხს ყველაფერი კარგად ესმის და დარწმუნებულია, რომ 31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.
"პატრიოტთა ალიანსის" წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას 2012 წლიდან ცდილობენ. ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ციხის კადრებით გადავარდა ის მახინჯი ხელისუფლება, ახლა ცდილობენ, რომ რაღაც მოძებნონ ისეთი, რითაც შეძლებენ, გააბათილონ მათი 9-წლიანი სისხლიანი მოღვაწეობა. დღეს მსოფლიოში ძალიან მომრავლდა ნეოლიბერალური ორგანიზაციები და ჩვენთანაც საკმაოდ ბევრნი არიან. ისინი მუდმივად ცდილობენ, შეგვაჩვიონ იმას, რომ ნამდვილი სიკეთე არის ბოროტება და ბოროტება არის ნამდვილი სიკეთე. როდესაც საუბრობ ყველა იმ კანონდარღვევაზე, იმ უმსგავსობაზე, რასაც ის სისხლიანი რეჟიმი ჩადიოდა, რა თქმა უნდა, მოსახლეობას ესმის, რომ ეს იყო ცუდი, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, რომ 90% მედია საშუალებების არის გამოყენებული იმისათვის, რომ დაარწმუნონ ხალხი - ეს ცუდი კი არ იყო, არამედ ეს ყველაფერი იყო მოგონილი. ამ ყველაფერს აკეთებს დღეს მედია საშუალებების უმრავლესობა და, რა თქმა უნდა, ეს არის ნეოლიბერალური შეკვეთა.
რაც შეეხება ციხის კადრებს - იმ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ აწამებენ ციხეში და ამაში იღებენ მონაწილეობას დეპარტამენტის მოადგილე, ციხის უფროსი, ციხის უფროსის ორივე მოადგილე და ერთ კადრში ჩანს, უბრალოდ არ იყო ნაჩვენები ეს კადრი, რომ ამ ყველაფერს ესწრებოდა ციხის ექიმიც. მთელი სისტემა იყო ამ წამების მონაწილე და როდესაც საუბრობენ, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო, მე მინდა ვკითხო მათ - ვის მიერ იყო დადგმული და ყველა ეს მსახიობი, როგორ აღმოჩნდა იმ რეჟისორის მხარეს, რომელმაც ეს ყველაფერი დადგა?! უნდა ვაღიაროთ - ან ყველა გაიყიდა, ან სისტემა იყო სისხლიანი! ამ ყველაფერში მონაწილეობდა მთელი სისტემა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ახალაია და სააკაშვილი! თქვენ ხომ გესმით, ვისთან გვაქვს საქმე? რატომ ჰგონია ამ ხალხს, რომ თუ ეს ხელისუფლება დაბრუნდება, თვითონ არ აღმოჩნდებიან მსგავს მდგომარეობაში?! იცით რა ხდება - როდესაც ეს ყველაფერი შენ თვითონ არ განგიცდია, შენ არ ფიქრობ სხვაზე, რადგან იმ პერიოდში შენ იყავი კარგად. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს ესმის, რომ შავი არის შავი და თეთრი არის თეთრი. ეს ყველაფერი რასაც ახლა აკეთებენ, არის იმ ადამიანებისაკენ მიმართული, ვისაც ეჭვი ეპარებოდა ან არ იყო თავის არჩევანში ჩამოყალიბებული, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სწორ არჩევანს გააკეთებს!" - განაცხადა გიორგი ლომიამ.
მსგავსი
დღის გადაცემები