გმირთა მოედანზე, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა. ცერემონიას თბილისის მერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ.
"27 სექტემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია, რომლის უკან უამრავი ადამიანის სიცოცხლე, დევნილად ქცეული ოჯახები და ოკუპირებული ტერიტორია დგას. საქართველოს ისტორია გმირების ისტორიაა. სამშობლოსთვის თავგანწირვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მაგალითები ბევრი გვაქვს. ერთ-ერთი მათგანია ჟიული შარტავა. დღეს გვქონდა პატივი, გაგვეხსნა საქართველოს ეროვნული გმირის, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, ჟიული შარტავას ბიუსტი. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს - კაცი, რომელმაც იბრძოლა ბოლომდე, არ დატოვა სოხუმი; მოკლეს, მაგრამ ვერ გააქრეს მისი სახელი. მჯერა, მოვა დრო და მისი სახელი სოხუმშიც დაიმკვიდრებს საპატიო ადგილს. ქედს ვიხრი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის წინაშე", - აცხადებს კახა კალაძე.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჟიული შარტავას ბიუსტის ავტორი ავთანდილ მჭედლიშვილია. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზის შესაქმნელად კონკურსი თბილისის მერიამ გამოაცხადა. მასში მონაწილეობა შეეძლო, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს.
გამარჯვებული "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ" გამოავლინა.