"ჩვენი პარტიის პოზიცია უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენ ამ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების ჩატარების შედეგად მოწვეული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ! ჩვენ მოვითხოვეთ ხელისუფლებისგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნა! თავდაპირველად ჩვენ გვქონდა სრულიად სხვა მოთხოვნები - ოპოზიციურ სპექტრსაც მოვუწოდეთ, რომ პარტიულ სიაში მყოფ ყველა ადამიანს დაეწერა განცხადება, რომლითაც მიმართავდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პარლამენტს იმასთან დაკავშირებით, რომ არ სურდა ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად შესვლა პარლამენტში. თუმცა, ახლა ჯერი დგება უკვე მეორე ვარიანტზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ჩატარდება პარლამენტის პირველი სხდომა, მოხდება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა. ამის შემდეგ უკვე პარტიული სია ხდება პასიური და პარტიის ხელმძღვანელებს, თავმჯდომარეებს აქვთ უფლება, რომ ეს სია გააუქმონ, ბათილად სცნონ, უფლებამოსილად ცნობილთა გარდა, დანარჩენი პირები, ვინც სიაშია და ამ ადამიანთა პარლამენტში შესვლის საკითხი თავად გადაწყვიტონ. შემდეგ უკვე ვისი უფლებამოსილებაც ცნობილია ოპოზიციიდან, ის ადამიანები წერენ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, რომ არ სურთ ამ პარლამენტის წევრობა, ამის შემდეგ კი, პარლამენტი უკვე კარგავს ლეგიტიმაციას. კონსტიტუცია გვეუბნება, რომ პარლამენტი იძენს სრულ ლეგიტიმაციას, როდესაც მისი 2/3 ან მეტი წევრის უფლებამოსილებაა ცნობილი. როდესაც გვექნება პარლამენტი, რომელშიც 90 წევრია, თავისთავად ცხადია, - ეს არ არის 2/3 და პარლამენტი ლეგიტიმაციას დაკარგავს!".