რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, სტიქიამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურა, მრავალწლიანი ნარგავები და ელექტროენერგიის გადამცემი ანძები დააზიანა. ამასთან, ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
როგორც პაპუნა მარგველიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში, უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რასაც საგზაო მოძრაობის შეფერხება მოჰყვა.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში შექმნილია კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის.
,,სტიქიურმა მოვლენებმა პრობლემები მთელ რეგიონს შეუქმნა. ვიყავით ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში, სადაც უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები ისევ გააქტიურდა. მიწის მასამ გადაკეტა დამაკავშირებელი გზა, რის შედეგაც შეფერხდა მოძრაობა. დილიდანვე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და უკვე აღდგენილია მოძრაობა. ასევე, პრობლემები შეგვექმნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 6 სოფელში დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მრავალწლიანი ნარგავები, დაიტბორა სავარგულები, დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ანძები. ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს გადაუხადა სახურავი, გუშინვე მოხდა რამდენიმეს დახურვა და ამ მხრივ სამუშაოები კვლავ გრძელდება. შეიქმნა კომისია, რომელიც აგრძელებს ზარალის დათვლას, რომელსაც უახლოეს მომავალში დავადგენთ“, - აღნიშნა პაპუნა მარგველიძემ.