27.11.2024 | 04:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავები და მაშველები სამხედრო პატივით დაკრძალეს

გუდაურთან, 29 ივლისს ტრაგიკულად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, თბილისსა და ბოლნისში მდებარე სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საპატიო ყარაულმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, მათ ოჯახებს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.

დაკრძალვის ცერემონიამდე თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად, სამოქალაქო პანაშვიდზე პატივი მიაგო დაღუპული მფრინავების, მაშველების, ექიმების ხსოვნას და მათ ოჯახებს, თანამშრომლებს, ასევე, ახლობლებს სამძიმარი პირადად გამოუცხადა.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მოქალაქეები და დაღუპულთა თანამშრომლები.

დღის გადაცემები