ბევრ ვინმეს დავუჭირეთ მხარი, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა მოახერხა, რომ უცხო ქვეყანაში სხვა ძალებთან გააბა კავშირი - ფაქტია, პრეზიდენტი ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ხალხი ხედავს ვინ აკეთებს სახელმწიფოს სასარგებლოდ განცხადებებს და "ვინ სხვა ქვეყნის სასარგებლოდ."
"საქართველოს პრეზიდენტს თუ კონსტიტუცია არ აქვს, მე შემიძლია ვაჩუქო და წაიკითხოს თავის ფუნქციები. რომ წაიკითხავს ნახავს, რომ არ მართავს ქვეყანას და ქართველ ხალხს არ აურჩევია ის იმისთვის, რომ საგარეო და საშინაო პოლიტიკა გაატაროს. თუ არ შეუძლია საქართველოს სასარგებლო განცხადება გააკეთოს, საწინააღმდეგოს მაინც ნუ გააკეთებს. ჩვენ ბევრ ვინმეს დავუჭირეთ მხარი, ამას ვაღიარებ, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა მოახერხა ის, რომ უცხო ქვეყანაში სხვა ძალებთან გააბა კავშირი და ანტიქართული ინტერესების გატარება დაიწყო,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.
კითხვაზე რას გულისხმობს, ვისთან გააბა კავშირები პრეზიდენტმა და ამერიკაზე და ევროპაზე საუბრობს თუ არა, მაჭარაშვილი ამბობს - “არ ვიცი, ვერ გეტყვით".
"ვის რა მიზნები აქვს, ამას ხალხი განსჯის, რადგან ხედავს ხალხი, ვინ გამოდის საქართველოს სასარგებლოდ და ვინ სხვა ქვეყნის სასარგებლოდ. ფაქტია, პრეზიდენტი აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთებას "საგანგაშოს" უწოდებს.
"ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია. ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას",- ნათქვამია განცხადებაში.