''თურმე, ნეიტრალიტეტზე და მშვიდობაზე ლაპარაკი ყოფილა ღალატი'' - განაცხადა ''პატრიოტთა ალიანსის'' თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა ''ობიექტივის'' ეთერში.
''ნეიტრალურია ავსტრია, შვედეთი, ფინეთი, ირლანდია და ამ ქვეყნების ხელისუფლებები მოღალატეები ყოფილან, რადგან ნეიტრალურები არიან. ახლა თავად ზელენსკი გამოდის მოღალატე, რადგან ნეიტრალიტეტზე და მშვიდობაზე დაიწყო ლაპარაკი. ჩვენ წინასწარ იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ ომში ჩართვა არ გვინდა. ამის გამო მოღალატეები ვართ? ! როგორ შეიძლება ვიღაცამ გამოგაცხადოს მოღალატედ, იმის გამო, რომ გინდა მშვიდობა. საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ელაპარაკება რუსეთს- ის არ არის მოღალატე; გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ლაპარაკობს რუსეთთან - მოღალატე არ არის; ნატო მუდმივ საუბარშია რუსეთთან - მოღალატე არ არის და ''პატრიოტთა ალიანსი'' თუ მშვიდობაზე და ნეიტრალიტეტზე საუბრობს რუსეთთან- ეს ყოფილა მოღალატეობა?!
პირველად ვამბობ, რომ ყველა სერიოზული პარტია კულისებს მიღმა ლაპარაკობს რუსეთთან, მაგრამ მალავენ ამას. ჩვენ არ ვმალავთ, ვსაუბრობთ საჯაროდ, ღიად და ვლაპარაკობთ მხოლოდ მშვიდობასა და ნეიტრალიტეტზე. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ევროპელებთან, ამერიკელებთან და საუბრის თემა არის ნეიტრალიტეტი, მშვიდობა, რომ საქართველომ თავისი გზით გააგრძელოს სვლა. ხელისუფლებაც საუბრობს რუსეთთან და ვთვლი, რომ ეს სწორია. უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამაც და სხვა პარტიებმაც, რომ ქვეყანა გადარჩეს. ყველას ესმის, რომ ომი ჩვენთვის დამღუპველი იქნება და ამას ვერ გავუძლებთ'',- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა ''ობიექტივის'' ეთერში.