"ნაციონალური მოძრაობისა" და პირადად მიხეილ სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე რაღაც ახალ თავდასხმას გეგმავენ, - ასე ეხმაურება 'ქართული ოცნების" დეპუტატი დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინფორმაციას, რომლის თანახმად, 29 ნოემბერს, გაიმართება კონფერენცია, სახელწოდებით: - “ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი".
მათიკაშვილის თქმით, მიღებულია რეზოლუციები, სადაც სრულიად უსაფუძვლოდ, ამორფულად შეიტანეს გარკვეული ინფორმაცია, რომელიც სინამდვილეს აბსოლუტურად არ შეესაბამება და აცდენილია რეალობას.
"ამ რეზოლუციის ავტორები, "ნაციონალური მოძრაობის" მეგობრები და თავად "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთ პროვოკაციულ ნაბიჯს გეგმავს, რომლის უკან არაფერი დგას. ის, რომ საქართველო არის დასავლეთის ნაწილი და საქართველოს სწრაფვა არის ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ოჯახში, ამ წიაღსვლების ავტორებმა საქართველოს კონსტიტუცია გადაშალონ და კარგად ამოიკითხონ. "ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუციის დონეზე მიიღო, რომ ქვეყანა ევროპული მიმართულებით მიდის. ყველაფერი იმ მეგობრების გამოძახილია, რაც ამ ადამიანებს "ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პირადად მიხეილ სააკაშვილთან აქვთ" - განაცხადა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
"საქართველო კოლექტიურ დასავლეთს ეკუთვნის. ქსელი, რომელიც ცდილობს ქვეყანა "რუსკი მირის" გავლენის ქვეშ შეინარჩუნოს, უნდა გამოაშკარავდეს. ჩვენ სწორად უნდა მივუდგეთ ამ პრობლემას და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს მომავალი ტრანსატლანტიკურ ოჯახშია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "ტვიტერზე" წერს.
მისივე თქმით, მომდევნო კვირას, 29 ნოემბერს, გაიმართება კონფერენცია, სახელწოდებით : "ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი".
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ანა ფოტიგა, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი, თორნიკე გორდაძე, უკრაინის რადა-ს წევრი ოლექსი გონჩარენკო და უკრაინაში ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი.