მინდა ხალხმა ჩადოს ინვესტიციები საქართველოში, ამიტომაც შევქმენი ევროპული ბიზნეს-ასოციაცია - მინდოდა მეთქვა სიმართლე, რომ თუ ინვესტიციას ჩადებთ საქართველოში, მოხვდებით კარგ, ღია ეკონომიკაში, კარგ, ღია მმართველობაში, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრი გახდეს. ეს არის სიმართლე, მაგრამ ტყუილები ისმის ბრიუსელში, - ამის შესახებ ევროპის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებელმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ლიმ განაცხადა.
მისი თქმით, სიცრუეა, რომ საქართველოში ტოტალური კორუფციაა, რადგან ქვეყანაში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ევროკავშირის წევრ ზოგ სახელმწიფოში.
მან ასევე აღნიშნა, რომ საჩივარი შეაქვს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში, რადგან მათ არ უნდა დააფინანსონ ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს შესახებ სიცრუეს ავრცელებენ.
"მე ვარ ინვესტორი საქართველოში. მე მწამს საქართველოს მომავლის, ძალიან დიდი ინვესტიციები ჩავდე საქართველოში და გავაგრძელებ ინვესტიციების ჩადებას საქართველოში. ჩემი განცხადებები სიმართლეს შეესაბამება. ჩემი მტკიცე რწმენაა, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლობისტია, ჩემი რწმენაა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია კორუმპირებულია. საჩივარი შემაქვს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში, ვაგროვებ მტკიცებულებებს და წარვადგენ მოხსენებას. მწამს, რომ რასაც ისინი აკეთებენ, არასწორია, იმიტომ, რომ თუ ადამიანებს ეუბნებით, რომ საქართველო მთლიანად კორუმპირებულია, ადამიანები მასში ინვესტიციებს არ ჩადებენ და ეს არის ტყუილი" - განაცხადა ლიმ.