დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ სამეფო ოჯახთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს. ბორის ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველთვის აღფრთოვანებული იყო დედოფლით.
8 მარტს, ტელეკომპანია „სიბიესმა“ (CBS-მა) პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუ გაავრცელა, რომელიც წყვილთან პოპულარულმა ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმ ჩაწერა. ინტერვიუში ჰარი და მეგანი სამეფო ოჯახთან დაპირისპირებაზე საუბრობენ. ისინი ყვებიან, რომ ოჯახის წევრები დიდ ინტერესს იჩენდნენ მათი მომავალი ბავშვის კანის ფერის მიმართ და ხშირად კითხულობდნენ, რამდენად მუქი ფერი შეიძლება ჰქონოდა ახალშობილს. მეგანის მტკიცებით, სასახლეში ის თავს მარტოსულად გრძნობდა, რის გამოც სუიციდზეც კი უფიქრია, ჰარის კი მამასთან იმდენად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რომ პრინცი ჩარლზი მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.