საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, "TOYOTA"-ს სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით, ავტომანქანის ძრავის აალების დაბალხარისხიან სანთლებს „TOYOTA“-ს მუყაოს კოლოფებში ფუთავდა, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც მის მფლობელობაში არსებულ, ქ. თბილისში მდებარე ავტონაწილების სავაჭრო ობიექტიდან ახდენდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 611 ერთეული "TOYOTA"-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული აალების სანთელი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.