კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს "კიევის რეჟიმისთვის შესაბამისი მითითებების მიცემის" გზით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულების გასაღები აქვს, მაგრამ ჯო ბაიდენს ამ გასაღების გამოყენება არ სურს.
"თეორიულად, ბატონი ტრამპი შორს არ არის სიმართლისგან. აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია ამ კონფლიქტს ძალიან სწრაფად მოუღოს ბოლო, თუკი ის გამოიყენებს შესაძლებლობას და კიევის რეჟიმს მითითებებს მისცემს. საკმარისია, ვაშინგტონიდან კიევის რეჟიმს შესაბამისი ინსტრუქციები ჰქონდეს და ეს ყველაფერი შეიძლება დასრულდეს. რა თქმა უნდა, არც ერთ დღეში, არც ორში, მაგრამ კიევის რეჟიმის გასაღები დიდწილად ვაშინგტონის ხელშია“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, თეთრი სახლის ამჟამინდელ ხელმძღვანელს არ სურს ამ გასაღების გამოყენება, და „პირიქით, ის ირჩევს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელების გზას".
"შეიძლება დაეთანხმო ტრამპის განცხადებას კონფლიქტის ბირთვული განვითარების საშიშროების შესახებ. მართლაც, არის დაძაბულობის ესკალაცია, მათ შორის იმ გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც მიიღება ძირითადად ვაშინგტონში და ვაშინგტონის ზეწოლის შედეგად ევროპის დედაქალაქებში", - აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინისთვის დასავლური წარმოების ტანკების გადაცემას გამოეხმაურა.
"ჯერ ტანკები იქნება, მერე ბირთვული რაკეტები. დაასრულეთ ეს გიჟური ომი, ახლა. ეს ხომ ასე მარტივი გასაკეთებელია!" - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ში.