რუსეთი ყურადღებით ეკიდება ჩინეთის სამშვიდობო გეგმას და მისი დეტალები დეტალურად უნდა იქნას გაანალიზებული, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი ინიციატივა, რომელსაც შეუძლია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, ყურადღებას იმსახურებს.
"დიდი ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი ჩინელი მეგობრების გეგმას. რა თქმა უნდა, დეტალები გულმოდგინედ უნდა გაანალიზდეს ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით. ეს ძალიან ხანგრძლივი და ინტენსიური პროცესია" - აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან, მისი მტკიცებით, ამ დროისთვის რუსეთი ვერ ხედავს რაიმე ნიშნებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიღწევა შესაძლებელია.
ჩინეთის სამშვიდობო გეგმა მოითხოვს: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას. 12-პუნქტიანი გეგმის გარდა, ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული" და "ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს".