აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება. მედიის ინფორმაციით, ტრამპი ნიუ-იორკში უკვე გაემგზავრა, სადაც მას სასამართლოში ბრალს წაუყენებენ.
ტრამპი შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდებას უყენებენ. 30 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა მისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ.
მისივე განცხადებით, დენიელმა ტრამპისგან თანხა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაჩუმების სანაცვლოდ მიიღო საკითხზე, რომელიც ტრამპის სასიყვარულო ურთიერთობებს ეხებოდა და შესაძლოა, მისი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის იმიჯზე უარყოფითად ასახულიყო.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ტრამპმა დენიელს თანხა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფინანსებიდან გადაუხადა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ნიუ-იორკის შტატში 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
სასამართლოში მისვლამდე ტრამპმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მხარდამჭერებს 2024 წლის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მობილიზაციისკენ მოუწოდა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი მოწინააღმდეგეები ყველანაირად ცდილობენ ის საარჩევნო პროცესს ჩამოაშორონ.