დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტობის ბოლო დღეს თავისი ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი შეიწყალა. შეწყალებულთა სია ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მედიის ცნობით, მათ შორის არიან რეპერები ლილ უეინი და კოდაკ ბლექი, რომლებიც იარაღის შეძენა-შენახვასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის იყვნენ გასამართლებული, ასევე დეტროიტის ყოფილი მერი კვამე კილპატრიკი, რომელიც კორუფციული ბრალდებების საფუძველზე 28-წლიან სასჯელს იხდიდა. დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველ სტივ ბენონს მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად თანხების მოზიდვის ონლაინკამპანიასთან დაკავშირებულ თაღლითობაში გასულ წელს წაუყენეს ბრალი. სტივენ ბენონი სტრატეგიულ საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს 2017 წლის იანვრიდან აგვისტომდე იკავებდა. მანამდე, 2016 წლის აგვისტოდან ის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.