25.11.2024 | 00:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დღეიდან 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

ცესკოს ინფორმაციით, 29 აპრილის არჩევნებამდე 60 დღე რჩება და დღეს შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, დღეიდან, საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში, მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდა, რომელთა დაცვაც საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

"საარჩევნო ადმინისტრაციისთვის 29 აპრილის შუალედური და რიგგარეშე არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ამ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული.

საარჩევნო ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, მზად არის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე წარიმართოს, თუმცა მიგვაჩნია, რომ საარჩევნო რეფორმის განხორციელება და ელექტრონული ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვა არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა. სწორედ საარჩევნო კანონმდებლობის, წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დაცვა, ამომრჩეველთა ზუსტი, სწორი ინფორმირება იქნება განმსაზღვრელი საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად ჩატარებისა და ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვისა. ამ პროცესს ჩვენ, საარჩევნო ადმინისტრაციამ, საარჩევნო სუბიექტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი, რადგან ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს საარჩევნო გარემოს და გაამარტივებს საარჩევნო პროცესს, რაც შექმნის მყარ საფუძველს 2024 წლის არჩევნებისთვის ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დასანერგად.

კიდევ ერთხელ, გვინდა მოვუწოდოთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, დაიცვან წინასაარჩევნო აგიტაციის წესები, რათა ჩვენ ყველამ ერთად უზრუნველვყოთ 29 აპრილის არჩევნების მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარება", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

დღის გადაცემები