ოპოზიცია ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ, ასლან ბჟანიასგან ე.წ. მინისტრთა კაბინეტის ორ კვირაში გადაყენებას ითხოვს.
„თუ ორი კვირის განმავლობაში სახელმწიფოს მეთაური არ შეასრულებს ჩვენს ყველა მოთხოვნას და ხელს არ მოაწერს ბრძანებას ანტისახალხო მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოაცხადებენ ქალაქ სოხუმში საპროტესტო აქციის თარიღს“ , - განაცხადა „არუაას“ ვეტერანთა ორგანიზაციის ლიდერმა თემურ გულიამ.
შვიდი პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის - "არუაას", აფხაზეთის სახალხო მოძრაობის, აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის, "აფსნის", "აამთას", "ერთობისა" და "ახაცას" ლიდერებმა განცხადება გააკეთეს სადაც შემდეგი მოთხოვნები წარადგინეს:
რუსეთისთვის ბიჭვინთაში ობიექტების გადაცემის შესახებ შეთანხმების გაუქმება; გაუქმდეს შეთანხმება რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკურ საქმეებზე გადაწყვეტილებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ; ელექტროენერგიის სოციალურად ორიენტირებულ ტარიფზე დაბრუნებას და უარი თქვას „აპარტ-ოტელების და ბინების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ“ კანონპროექტის მიღებაზე.