კრისტიან დანიელსონის 7 დღიანი ვიზიტი საქართველოში უშედეგო აღმოჩნდა. ევროპელმა დიპლომატმა ქვეყნა ისე დატოვა, რომ 1 კვირიანი შეუწყვეტელი მოლაპარაკებების მიუხედავად მხარეები მაინც ვერ შეარიგა. ევროკავშირის ოფისში ცალკ-ცალკე და გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე პროცესები, ქართული ოცნების არასწორმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა ჩაშალა - ასეთია მოლაპარაკების აქტორების ნაწილის პოზიცია.
" პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი, გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" შეთანხმების პოლიტიკური ნება არ ჰქონდა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ დასავლეთიდან ხელისუფლებისა და ქვეყნის მიმართ კრიტიკა გამძაფრდება.
„"ქართულმა ოცნებამ" ცივი წყალი გადაასხა ევროკავშირის წარმომადგენლობას და ამერიკის საელჩოს. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, რომ ნაბიჯი გადაედგა ამ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. არ შეიძლება მთავრობა პასუხისმგებლობას ვერ გრძნობდეს ქვეყნისა და ხალხის წინაშე, მაგრამ ჩვენ სწორედ ასეთი ხელისუფალი გვყავს დღეს. მე ვფიქრობ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ცოტა ხანში ჩვენ ვნახავთ, რომ ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა უფრო გამწვავდება"- განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელმა მდივანმა, გოჩა თევდორაძემ.