ევროპარლამენტმა შენგენის სივრცეში რუმინეთის და ბულგარეთის მიღების დაჩქარების შესახებ რეზოლუცია მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.შესაბამის რეზოლუციას მხარი 547-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 49 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 43-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭომ 2022 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს შენგენის სივრცეში რუმინეთისა და ბულგარეთის ინტეგრაციის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება. ამან 2023 წლიდან უნდა გააუქმოს შიდა საზღვრებზე ადამიანების შემოწმებები.
ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ რუმინეთმა და ბულგარეთმა რამდენიმე წლის განმავლობაში ყველა შესაბამისი მოთხოვნა შეასრულეს, თუმცა ევროკავშირის საბჭომ დღემდე ვერ მიიღო მათი ინტეგრაციის გადაწყვეტილება.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ შიდა სასაზღვრო კონტროლის შენარჩუნება დისკრიმინაციულია და სერიოზულ გავლენას ახდენს ევროპელი მოქალაქეების ცხოვრებაზე, კერძოდ კი მაღალი მობილობის მქონე მუშებზე.
ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სატვირთო პორტებში საქონლის იმპორტის, ექსპორტისა და საქონლის თავისუფალი გადაადგილების შეფერხება ძირს უთხრის ევროკავშირის შიდა ბაზრის ფუნქციონირებას.