ევროპოლს უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესახებ მონაცემები აქვს. ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ს ევროპოლის სპიკერმა, იაპ ოპ გენ ოორტმა განუცხადა.
ევროპოლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, შავ ბაზარზე ცეცხლსასროლი იარაღითა და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის შემთხვევები დაფიქსირდა.
იაპ ოპ გენ ოორტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან გამომძიებლებმა აღმოაჩინეს "მძიმე სამხედრო იარაღით ვაჭრობის ნიშნები".
"იმის რისკი არსებობს, რომ იარაღი ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს ან ტერორისტებს ჩაუვარდეს ხელში", - აღნიშნა ევროპოლის სპიკერმა.
მისი თქმით, დაფიქსირდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მქონე პირები უკრაინას ტოვებდნენ. ასევე არსებობს შეშფოთება, რომ იარაღსა და საბრძოლო მასალას საზღვრის გასწვრივ ინახავენ ევროკავშირში კონტრაბანდულად გასატანად.