საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ექთნებისა და სანიტრებისთვის სახელფასო ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით, აქცია გაიმართა.
მედიცინის მუშაკები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და წერილობით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრს, როგორც სანიტრებს, ასევე ექთნებს ანაზღაურება გაეზარდოთ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რევაზ კარანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში საარსებო მინიმუმი 220 ლარია, სანიტრების ანაზღაურება კი 150 ლარს შეადგენს. ისინი ხელისუფლებას საკითხის გადასაწყვეტად 2-კვირიან ვადას აძლევენ და აღნიშნავენ, რომ თუ მოთხოვნები არ შესრულდება, პრემიერს მიმართავენ.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროფკავშირების და ექთნების ბრძოლის შედეგად მინიმალური ხელფასი დაწესდა, ეს საკმარისი არ არის. ძალიან ბევრი სხვა მედმუშაკის - სანიტრების, უმცროსი ექთნების, ლაბორანტების ხელფასი არ იზრდება. დღეს საარსებო მინიმუმი ქვეყანაში 220 ლარია, ხოლო 150-ლარიანი ხელფასი არის დაახლოებით 70 ლარით უფრო დაბალი, ვიდრე არის საარსებო მინიმუმი, ეს არის სასაცილო. 150 ლარი ადამიანის გადარჩენისთვისაც არ არის საკმარისი. მეორე პრობლემა არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მინიმალური ხელფასი დაწესდა ექთნებისა და ექიმებისთვის, არის აღსრულების პრობლემა. კერძო კომპანიები ხშირ შემთხვევაში მიმართავენ უკანონო გზებს და ცდილობენ, ექთნები დააქვეითონ, მოაწერინონ მათ სხვა ტიპის შრომის კონტრაქტზე ხელი ანუ თანამდებობას უცვლიან და აფორმებენ დამხმარედ და არა ექთნად. მიუხედავად ამისა, შრომის ინსპექციამ უკვე დაიწყო სიტუაციის შესწავლა და გამოკვლევა. საჭიროა უფრო სწრაფი რეაგირება", - განაცხადა "სოლიდარობის ქსელის პროფესიული კავშირის" წარმომადგენელმა, რევაზ კარანაძემ.