თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად, მსოფლიოს 10 ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ახალგაზრდა არქეოლოგთა XIII საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.
თსუ-ის ინფორმაციით, ქართველებთან ერთად, კონფერენციის მონაწილეებმა აშშ-დან, შოტლანდიიდან, ინგლისიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, მოზამბიკიდან და სომხეთიდან უახლესი სამეცნიერო არქეოლოგიური კვლევები წარადგინეს და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის არქეოლოგიური კვლევის საკითხები განიხილეს.
ახალგაზრდა არქეოლოგთა XIII საერთაშორისო კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდა არქეოლოგთა შორის კონტაქტების დამყარებას, მათი კვლევების პოპულარიზაციას მსოფლიო სამეცნიერო ბაზარზე და, შესაბამისად, ქართველი სტუდენტი-არქეოლოგების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას.