ვატიკანში ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის გამგზავრებამდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოში წმიდა საყდრის ნუნციოსთან არქიეპისკოპოს ჟოზე აველინო ბეტანკურთან აუდიენცია გამართა.
შეხვედრას სასულიერო პირებთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ყოვლადწმინდა სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის ხელმძღვანელები: სვიმონ ჯანგულაშვილი და გიორგი დონაძე ესწრებოდნენ.
ვატიკანის საელჩოს ცნობით, სამოციქულო დესპანმა „ძმური ქრისტიანული ჟესტისთვის“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ მადლიერება გამოხატა.
შეგახსენებთ, 26 ივნისს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი ისტორიული კონცერტით სიქსტეს კაპელაში წარდგება, ხოლო 29 ივნისს, წმ. პეტრეს ბაზილიკაში, პაპ ფრანცისკესა და ვატიკანში ვიზიტად მყოფი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის თანდასწრებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის „ავე მარიას“ შეასრულებს.