ვაქცინაციის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია და პირველი მსხვერპლი. 27 წლის მედდა, რომელსაც ანაფილაქსიური შოკი განივითარდა, აცრიდან დაახლოებით 24 საათში გარდაიცვალა. მეგი ბაქრაძის ოჯახი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია, სადაც ცხედარი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკადან გადაასვენეს. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე არაერთი ვერსია ვრცელდება, გარდაცვლილის ოჯახის წევრი აცხადებს იმასაც, რომ ვაქცინაციას მეგი ბაქრაძე საკუთარი ნების წინააღმდეგ, ზეწოლით დათანხმდა.
იყო თუ არა მეგი ბაქრაძის სურვილი ვაქცინაცია უცნობია, თუმცა გასულ დღეს მან კოვიდ-19ის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა, მედდამ საზოგადოებასაც მიმართა და ასტრაზენეკას უსაფრთხოება განუმარტა...
საქართველოში მედ პერსონალის ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყო. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, ასტრაზენეკას იმუნიზაციის პროგრამა აქტიურად გამოიყენება, ამ დრომდე მსოფლიოში, ანაფილაქსური შოკით გარდაცვალების შემთხვევის მხოლოდ ორი პრენცენდენტი ფიქსირდება და აქედან ერთი მეგი ბაქრაძის შემთხვევაა. მიუხედავად ფატალური შედეგისა, საქართველოში ვაქცინაცია არ შეწყდება, ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, თუმცა ასტრაზენეკით ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება.
მომხდარს ეხმაურებიან ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები, რომლებიც საინფორმაციო კამპანიის არასებობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სავარაუდო რისკებისა და გართულებების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს. სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვაქცინაციის პროცესი საქართველოში არ უნდა შეჩერდეს.
მსოფლიოში ყოვეწლიურად ანაფილაქსური შოკის ათიათასობით შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა ფატალურად მხოლოდ შემთხვევბის 18% სრულდება. რამ გამოიწვია ახალგაზრდა მედდის გარდაცვალება, მაშინ როცა მას თანმხლები დაავადებებიც კი არ აღენიშნებოდა, ექსპერტიზა და გამოძიება დაადგენს, თუმცა მეგი ბაქრაძის მაგალითზე, დღეს, ქვეყანაში ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 116 მუხლით დაიწყო , რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.