ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის გზების დამაკავშირებელ მონაკვეთში მიწის ნაპრალები დაიძრა, რომლის ჩამოშლაც შესაძლოა ნებისმიერ დროს მოხდეს. მაჭავარიანის ქუჩაზე სამანქანო გზა მეორე დღეა ორმხრივად გადაკეტილია, თუმცა ფერდობის მეორე მხარეს თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას აშენებს, რომლის სამუშაოებიც ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ სეისმოლოგები და გეოლოგები, რომლებმაც გარკვეული კვლევები აწარმოეს. სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ დაძრულია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მიწის მასა. გაჩენილი მიწის მასის ბზარები 10 მეტრი სიღმისაა. მეწყრის ჩამოსვლის შემთხვევაში შესაძლოა მეზობელი კერებიც გააქტიურდეს. სეისმოლოგები მეწყრული კერების გააქტიურებას არასწორი სამშენებლო პოლიტიკით, არასწორი რეგულაციებითა და არასწორი საინჟინრო დასკვნებით ხსნიან. სპეციალისტები სეისმურად აქტიური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველგვარი სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ.
მეწყერსაშიშ ზონაში მიმდინარე საგზაო სამუშაოებში პრობლემას ვერ ხედავენ დედაქალაქის მერიაში. ამბობენ, რომ ტექნიკის მუშაობა მეწყრული ფერდის ქანების დაძვრის პროვოცირებას არ გამოიწვევს. როგორც ჩანს ქალაქის მთავრობა ადგილობრივ სპეციალისტებს არ ენდობა და მომავალ კვირაში გერმანიიდან სპეციალურად მოწვეულ ჯგუფს ელოდება. სწორედ მათი დასკვნის საფუძველზე გადაწყვეტენ როგორ უნდა იმოქმედონ.
თბილისი აქტიური მეწყრული ზონაა და ქალაქის არასწორმა განაშენიანებამ კერები კიდევ უფრო მეტად გააქტიურა, ამაზე სპეციალისტები საუბრობენ. ვიდრე მეწყრულ-გრავიტაციული პროცესები არ შეფასდება ფერდობის ძირში ყველანაირი სამუშაოების შეჩერაბას ითხოვენ ეკოლოგები. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებმა დაარღვია ფერდობის წონასწორობა, რამაც დაძრა მიწის მასა. ნინო ჩხობაძე აღნიშნავს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ყველანაირი სამუშაო უნდა შეჩერდეს.
თითქმის ორი წელია, რაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცდა. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ქალაქი 36 000 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული, საიდანაც 14 ათასი ჰექტარი სახიფათოდ ითვლება. ასეთ ტერიტორიებზე მნიშვნელოვანია სამშენებლო სამუშაოები მკაცრად გაკონტროლდეს. მამუკა სალუქვაძე, რომელიც ქალაქის გენგეგმის ერთ-ერთი ავტორია ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის ფერდობზე მეწყრულ ზონას სახიფათოს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის დადებამდე მიმდებარე ტერიტორიაზე ყველანაირი სამუშაო პროცესი უნდა შეჩერდეს.