რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინელმა შეიარაღებულმა პირებმა რუსეთის ბრიანსკის რეგიონზე ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს.
"დღეს კიდევ ერთი ტერორისტული აქტი, მორიგი დანაშაული ჩაიდინეს. შევიდნენ სასაზღვრო ზონაში და ცეცხლი გახსნეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ნახეს, სამოქალაქო მანქანა იყო, ნახეს, მშვიდობიანი მოქალაქეები და ბავშვები ისხდნენ, ცეცხლი გაუხსნეს", – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
დღეს რუსულმა მედიამ, ბრიანსკის გუბერნატორზე, ალექსანდრე ბოგომაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "უკრაინელი შეიარაღებული პირები რუსეთის ბრიანსკის ოლქის სოფელ ლუბეჩანში შევიდნენ და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს".
ბრიანსკის რაიონში არსებულ ვითარებაზე განცხადება გაკეთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებშიც. კიევში აცხადებენ, რომ "უკრაინის შეიარაღებული ძალები იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქში განვითარებული მოვლენები კი მოსკოვის თავხედური პროვოკაციაა".