ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას სპეციალური ზომების შესახებ ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზღვრული ფასების შემოღების საპასუხოდ. შესაბამისი დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
დოკუმენტი კრძალავს ნავთობის მიწოდებას, თუ კონტრაქტებში პირდაპირ ან ირიბად არის ფიქსირებული მაქსიმალური ფასი.
ნავთობის მიწოდების აკრძალვა ამოქმედდება 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან და მოქმედებს მომდევნო წლის 1-ელ ივლისამდე. ნავთობპროდუქტების მიწოდების აკრძალვის თარიღს მთავრობა დაადგენს.
დეკემბრის დასაწყისში G7-ის ქვეყნებმა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ დაამტკიცეს რუსული ნავთობის ფასი ბარელზე 60 დოლარის ნიშნულზე.
რუსეთის ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ ნავთობს არ მიჰყიდის ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ შეზღუდვებს.