26.11.2024 | 20:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"ზამთარი ახლოვდება, ევროპა კი უფსკრულის პირას დადის" - რას წერს ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ - "ფორინ პოლისმა" (Foreign Policy) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "ზამთარი ახლოვდება, ევროპა კი უფსკრულის პირას დადის" (ავტორი - ბრენდა შაფერი). 

"დადგა რა გათბობის სეზონის დაწყების წინ ყველაზე სერიოზული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპა ძრწოლამ აიტანა. მართალია, ევროკომისიამ ევროპის ახალი ენერგეტიკული პროგრამა შეიმუშავა (რომელიც მოიცავს როგორც ფასების მატების შეზღუდვას, ასევე - სუბსიდიებს მომხმარებლებისათვის და ელექტროენერგიის ეკონომიას), მაგრამ ეს ზომები მაინცდამაინც ძალიან არ განსხვავდება იმ პოლიტიკისაგან, რის გამოც კონტინენტი ამ ენერგეტიკული ქაოსის ეპიცენტრში აღმოჩნდა.

ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ ევროპა ჯერ კიდევ არ აქცევს ყურადღებას თავისი ენერგოუსაფრთხოების კრიზისის პირველწყაროებს და პირველმიზეზებს. ევროპა თავისი უბედურების მიზეზების ძიებისას უპირატესობას გარეშე ძალებს ანიჭებს: ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვა ევროპელი ლიდერები თითს იშვერენ რუსეთისაკენ და ყველა ცოდვაში კრემლს ადანაშაულებენ.

რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინის მიერ გაზის ვენტილის გადაკეტვამ ევროპაში სიტუაცია დაამძიმა, მაგრამ თუ წარსულს თვალს ყურადღებით გადავავლებთ, დავინახავთ, რომ ევროპაში ფასების მკვეთრი რყევა გაზსა და ელექტროენერგიაზე წინა წლებშიც იყო. როგორც ჩანს, ევროპელმა პოლიტიკოსებმა ეს გარემოება არ გაითვალისწინეს და გადაწყვიტეს, რომ კურსი არ შეცვალონ.

ევროპამ დაიჯერა, რომ მას გაზის გარეშე ცხოვრება შეუძლია და უარი თქვა ენერგორესურსების იმპორტის გრძელვადიან კონტრაქტებზე. ამის შედეგად ევროკავშირი გაზის მწვავე დეფიციტს განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ მის ირგვლივ ბუნებრივი გაზის უდიდესი ექსპორტიორები არიან. და მათ შორის არა მარტო რუსეთია, არამედ - ჩრდილოეთი აფრიკა, ცენტრალური აზია და სხვა რეგიონები. ევროკავშირს შეეძლო, საიმედოდ ეგრძნო თავი გაზით უზრუნველყოფის საკითხში, ნორმალური ფასებით, მაგრამ ახლა ის გაზის საბაზრო ფასებზეა დამოკიდებული. დღესაც კი, როცა ევროკავშირის ემისრები მსოფლიოში გაზის საძებნელად დადიან, ისინი მაინც უარს ამბობენ გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებაზე. აი, სულ ახალი ფაქტი: ამას წინათ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ყატარში და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაზის საყიდლად იმყოფებოდა, მაგრამ ბერლინში მხოლოდ ერთადერთი თხევად გაზმზიდი ტანკერის კონტრაქტით დაბრუნდა. არადა, მას შეეძლო, საკუთარი ქვეყანა გაზით ხანგრძლივად უზრუნველყო. გამოდის, რომ ევროპა თავისივე პოლიტიკის მძევლად რჩება.

მოკლედ, ევროპამ ერთი რამ მტკიცედ უნდა გააცნობიეროს: ქარის ენერგიის გენერატორები და მზის ენერგიის ბატარეები ვერასოდეს გამოიმუშავებენ საკმარის ელექტროენერგიას, ქარი და მზე ვერასოდეს ჩაანაცვლებენ გაზს და ატომურ საწვავს. თუმცა, რასაკვირველია, შესაძლებლობის მიხედვით, ერთობლივად ყველა წყარო უნდა იქნას გამოყენებული. ევროპას სჭირდება აბსოლუტურად ახალი მიდგომა ენერგორესურსების ბაზრის ორგანიზების საკითხშიც. უპირველესი ნაბიჯი - დღევანდელი იდეოლოგია სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საღი და გონივრული პრაქტიკული გაანგარიშებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპელებს მოუწევთ კიდევ მრავალი ზამთრის გადატანა კრიზისულ ვითარებაში - იმისგან დამოუკიდებლად, თუ რას გააკეთებს ვლადიმერ პუტინი.

დღის გადაცემები