უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ოქტომბერს მოუწოდა ისრაელს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას და გაიმეორა თხოვნა, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ.
"აღარ დადგა დრო, რომ თქვენმა სახელმწიფომაც აირჩიოს, ვისთან ერთად ხართ?" - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისრაელის გაზეთ Haaretz-ისთვის გამართულ კონფერენციაზე. ხართ "დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც გვერდიგვერდ იბრძვის არსებობისთვის ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ თუ მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც კი, როცა ტერორის გაგრძელების ფასი გლობალური უსაფრთხოების სრული განადგურებაა?" - თქვა მან.
ისრაელმა დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა, თუმცა არ სურს ურთიერთობის დაძაბვა მოსკოვთან, გავლენიან შუამავალთან მეზობელ სირიაში, სადაც ისრაელის ძალები თავს ესხმიან ხოლმე პროირანულ დაჯგუფებას. ისრაელს ასევე სურს, უზრუნველყოს რუსი ებრაელების კეთილდღეობა.
ისრაელი, რომელიც ახალ მთავრობას 1 ნოემბრის არჩევნებზე აირჩევს, შემოიფარგლა ჰუმანიტარული დახმარებისა და თავდაცვითი მოწყობილობების მიწოდებით. ახლახან მან უკრაინელებს შესთავაზა დახმარება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჰაერო თავდასხმის შეტყობინების საგანგაშო სისტემის შექმნაში. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს საკმარისი არ არის და მოითხოვა, რომ ისრაელის ლიდერებმა საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაგზავნის საკითხს გადახედონ. თებერვალში ომის დაწყების შემდეგ, მან არაერთხელ გააკეთა ეს მიმართვა.