ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხს განიხილავენ, ხმაური და დაპირისპირება იყო.
სხდომაზე სამოქალაქო აქტივისტი ხატია ჯანაშია იმყოფებოდა, რომელიც თავდაპირველად ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს მაია კალანდიას დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი პარტიის სხვა წევრებს. ის ცდილობდა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის დაერიგებინა სურათები, რომლებზეც მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში დაზარალებული პირებია აღბეჭდილი.
მან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც მიმართა, რასაც დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ჯანაშიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ხალხი არ დაუშვებს. საკრებულოს თავმჯდომარემ ჯანაშიას სპექტაკლის გამართვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. დაპირისპირებაში დაცვის სამსახური ჩაერია და ჯანაშია დარბაზიდან გაიყვანა.
"ხვალ არის სააკაშვილის სასამართლო და ქვეყანაში მუსირებს აზრი, რომ დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან იმ ოჯახების წევრები აპირებენ საპროტესტო აქციას ვინც სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა გაანადგურა. ,"ქართული ოცნების" დანაშაული ის არის, რომ ეს ხალხის დღემდე თავზე აზის საქართველოს", - განაცხადა ჯანაშიამ.
მოგვიანებით, საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, მაია კალანდიამ დატოვა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 57.8 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.