26.11.2024 | 22:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ზუგდიდში, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა აქცია გამართეს

ზუგდიდში, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა აქცია გამართეს. ისინი პოლიკლინიკის შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ.

შეკრებილები ამბობენ, რომ ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლების ნაწილს გაათავისუფლებს.

"როგორც გავიგეთ, იგეგმება პოლიკლინკის გასხვისება, ხობის, ჯვარის და დევნილთა პოლიკლინიკის გაერთიანება. იცვლება მმართველი, რასაც მოჰყვება დევნილი მოსახლეობისთვის ტარიფის გაზრდა. ჩვენ ვემსახურებით შედარებით დაბალი ტარიფით, რითაც კმაყოფილია 45 ათასი ბენეფიციარი. გავიგეთ, ისიც, რომ შეიცვლება პროფილი და ტრავმატოლოგიური ცენტრი გახდება, ყველა თანამშრომელს გარეთ გაუშვებენ. ჯერჯერობით გვეუბნებინ, რომ არ გაგვიშვებენ. ჩვენ არ გვინდა ძველი ხელმძღვანელის გაშვება. ეს პოლიკლინიკა აშენებულია ჩვენი ხარჯებით, ჩვენი დანაზოგით. ეს ეკუთვნის ეკონიმიკის სამინისტროს, მაგრამ ჩვენი სახსრებით არის აშენებული. თუ დღემდე მოვიყვანეთ კმაყოფილი პაციენტები, ახლა რატომ უნდა დავიშალოთ? პირიქით გვერდში უნდა დაგვიდგნენ და ახალი ტექნიკა შემოიტანონ",- განაცხადა პოლიკლინიკის თანამშრომელმა ნატალია ჩიქოვანმა.

ზუგდიდში, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებს, რომლებმაც გამაფრთხილებელი აქცია გამართეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა. გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, შპს "აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა(იგპ) ზუგდიდის პოლიკლინიკის, შპს "აფხაზეთიდან იგპ-თა ჯვარის ამბულატორიის" და შპს "აფხაზეთიდან იგპ-თა ხობის პოლიკლინიკის"გასხვისების პროცესი არ მიმდინარეობს და ექიმების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნილი პოლიკლინიკების ლოკალური გაერთიანება იგეგმება, რაც დევნილი მოსახლეობისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებისკენ არის მიმართული.

"პოლიკლინიკების გასხვისების პროცესი არ მიმდინარეობს და ეს არის სრული დეზინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ დავიწყეთ თანამედროვე მართვის სისტემის დანერგვა, რომელიც გულისხმობს პოლიკლინიკების ლოკაციურ გაერთიანებას. აღნიშნული მიმართულია ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებისკენ და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ტარიფების ზრდას. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პოლიკლინიკების მართვას განახორციელებს აფხაზეთის ქონების განკარგვისა და მართვის სააგენტო. ჩვენ ეტაპობრივად განვიხილავდით გაერთიანების საკითხს როგორც პოლიკლინიკების პერსონალთან, ასევე მათ დირექტორებთან, ეტაპობრივად ჩვენი წარმომადგენლები ჩადიოდნენ და მსჯელობდნენ მათთან აღნიშნულ საკითხზე. გაერთიანების შედეგად, სწორი მენეჯმენტის საფუძველზე, მოხდება როგორც პერსონალის ხელფასიების ზრდა, ასევე საერთო ბენეფიციარების ზრდაც",- განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

დღის გადაცემები